აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იმედთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ის მოქალაქის, ევრაზიის საკითხებში სპეციალისტის მარშალ ქომინსის არშემოშვებასა და ქართველი მოსამართლეების სანქცირებას შორის კავშირი არ არსებობს და რომ ეს იმ "კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია".
იმედის ჟურნალისტის კითხვა: დღეს სუს-ის უფროსმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკის მოქალაქე, ფრანკლინის კლუბის ტრენერი გვარად ქომინსი, გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია მოსამართლეების სანქცირების შესახებ. ცალკეულ მედიასაშუალებებში გამოითქვა სანდო წყაროებზე ვარაუდი, რომ ეს ორი ფაქტი, შესაძლოა იყოს კავშირში. თქვენ შეგიძლიათ ამ ორ ფაქტს შორის კავშირი დაინახოთ ან უარყოთ?
კელი დეგნანის პასუხი:
„არანაირი კავშირი არ არის [ქომინსის არშემოშვებასა და მოსამართლეების სანქცირებას შორის]. ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია. ეს აბნევს საზოგადოებას. ამერიკას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების, რასაც ვაკეთებთ ეს არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში“ - განაცხადა კელი დეგნანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკის მოქალაქე, ევრაზიის საკითხებში სპეციალისტი მარშალ ქომინსი.
ლილუაშვილის თქმით, ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, დატრენინგებასა და მათთვის მითითებების მიცემაში".